ვარჯიი – რუსთაველები.ge http://rustavelebi.ge რუსთავი და რუსთაველები Sun, 26 Jul 2020 04:56:01 +0000 ka-GE hourly 1 https://wordpress.org/?v=6.6.1 http://rustavelebi.ge/wp-content/uploads/2019/02/cropped-icon-1-1-32x32.png ვარჯიი – რუსთაველები.ge http://rustavelebi.ge 32 32 იოგათი დაინტერესებული მოძღვრები http://rustavelebi.ge/history/uncategorized/%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d/ Mon, 20 Mar 2017 10:50:33 +0000 http://rustavelebi.ge/?p=195 სადილის წინ აუცილებლად, ბოსტნეულის სალათი უნდა მიირთვა

გომარ ჯანდიერი 40 წელია, იოგაში ვარჯიშობს. იოგას ხელოვნებამ ჯერ კიდევ მაშინ გაიტაცა, როცა საბჭოთა კავშირი ასეთ ვარჯიშებს კრძალავდა… ბატონი გომარი თითქმის 70 წლის გახლავთ და იოგათი დაინტერესებულ ადამიანებს ახლაც აქტიურად ავარჯიშებს…

– ფიზკულტურის ინსტიტუტში 1972 წელს ჩავაბარე, სადაც ვისწავლე სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, ანატომია და ჭიდაობის სპეციალისტიც გახლდით. ათლეტიზმსა და იოგაშიც ვვარჯიშობდი. ჩემზე ასაკით უფროსი დეიდაშვილი მყავდა, კონსერვატორიის პროფესორი, ძალიან განათლებული კაცი. იოგას შესახებ ლიტერატურა პირველად მან მომცა. იმ დროს “კაგებე” ასეთ ვარჯიშებს კრძალავდა.
– რატომ?
– ვინც იოგას ვარჯიშებს მოჰკიდა ხელი, ღმერთის უფრო მეტად იწამა. მერე, როცა საბჭოთა კავშირი ცოტათი შეირყა, კომუნისტური წყობის ბოლო წლებში, იოგა უკვე ნელ-ნელა გამოაშკარავდა და აქაც დაიწერა წიგნები, ბროშურები… წინათ, წიგნებს მოსკოვიდან ვაგზავნინებდით, ინგლისური ენიდან ვათარგმნინებდით (სპეციალური თარჯიმანი გვყავდა, ვინც მედიცინაც იცოდა და იოგას ტექნიკური ენაც), ვბეჭდავდით… მაშინ ქსეროქსი არ იყო. სპეციალური დანადგარით ბეჭდავდნენ, რომელიც “ცეკას” გამომცემლობაში და ასევე, მეტალურგიულ ქარხანაში იყო. ჰოდა, ჩუმ-ჩუმად, რაღაცებს ქარხანაშიც ვბეჭდავდით და ამ ყველაფერში გვარიანი თანხა გვეხარჯებოდა.
– იოგათი ასე ძალიან რატომ დაინტერესდით?
– იმ დროს სამედიცინო ინსტიტუტში ვერ ჩავაბარებდი. ამისათვის ფრიადოსანი უნდა ვყოფილიყავი და ყველა საგანში ძალიან კარგად მოვმზადებულიყავი. მოკლედ, სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად დიდი წეწვა-გლეჯა იყო. სიმართლე გითხრათ, ნაკლებადაც მიზიდავდა – უფრო მეტად ვარჯიშით მკურნალობის მეთოდები მაინტერესებდა. მაგალითად, დეიდაშვილის მიერ მოწოდებულ ჟურნალ “ინდოეთში” ეწერა, რომ იოგათი ისეთი დაავადებების განკურნება შეიძლებოდა, რომლებიც მაშინ ჩვენთან უკურნებლად მიიჩნეოდა (ვენერიული დაავადებები, ტუბერკულოზი…). ჩვენთვის ეს საკვირველი იყო, მაგრამ იმ დროს ევროპაში იოგას სკოლებიც იყო და ინსტიტუტებიც. როცა “კაგებემ” იოგას დევნას თავი დაანება, უკვე კოოპერატივებიც გაიხსნა. კომუნისტური წყობის დროს, იოგას ხელოვნებას მე და ჩემი და მივდევდით. 10 წელი ჩემით ვვარჯიშობდი, შემდეგ მასწავლებელიც – აბრიგ ფხალაძე მყავდა. რაც 10 წელიწადში თავად ვისწავლე, იმდენი ცოდნა ამ კაცმა ერთ წელიწადში შემძინა. თვითნასწავლობისას ბევრი შეცდომა მქონდა… იმ პერიოდში ბევრი სამსახური დაიხურა. ისევ ვარჩიე, იოგას ხელოვნებას გავყოლოდი: მე და ჩემმა დამ იოგას სავარჯიშო კოოპერატივი გავხსენით. მანამდე, უბრალოდ, ბევრ ახლობელს შინ ვმკურნალობდი. მაგალითად, ნეფრიტით დაავადებული 12 წლის ბიჭი აბსოლუტურად გამოვაჯანმრთელე. მერე კიდევ სხვა მოვიდა, კიდევ – სხვა და ა.შ. მეგობარმა ახალგაზრდა ბიჭი მომიყვანა, რომელიც სასიკვდილოდ ავად იყო. იმ ბიჭმა დიდი ნებისყოფა გამოიჩინა და 7-8 თვეში თავი განიკურნა.
– რა სჭირდა და როგორ განიკურნა?
– ნარკოტიკს მოიხმარდა. 20-21 წლისა ჯარში არ მიჰყავდათ, რადგან ტუბერკულოზი სჭირდა, რომელიც თირკმელებზე იყო გადასული, იქიდან კი სასქესო ორგანოებზე. ისეთ მძიმე სიტუაციაში იყო, რომ როგორც ამბობენ, “სამი ჯვარი” ჰქონდა. ამ ბიჭმა ძალიან მოინდომა: დილით, 5-ის ნახევარზე დგებოდა და ვარჯიშობდა, შემდეგ სამსახურში, რაიონში მიდიოდა. ერთხელ 1-2 კვირით დაიკარგა. თურმე, საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის დაუწვენიათ. იქიდან თვალებგაბრწყინებული დაბრუნდა. მეუბნებოდა, – ექიმებმა მითხრეს, ისეთი სისხლი გაქვს, როგორიც თოთო ბავშვსო.
– იოგაში ვარჯიშის მსურველები ძირითადად, მკურნალობის მიზნით მოდიოდნენ?
– ისედაც მოდიოდნენ, მაგრამ ძირითადად – გაჭირვებულები. ადამიანები იოგას ნაკლებად მისდევენ, რადგან ამას კვების რეჟიმის დაცვა სჭირდება. საერთოდ, ძნელი საქმეა. ყველას უნდა, იოგაში ივარჯიშოს, მაგრამ მერე, როცა ხვდებიან, რომ კვების რეჟიმიც უნდა დაიცვან, ყოყმანობენ. წინათ ურეჟიმოდ, როცა სურდათ, მაშინ იკვებებოდნენ და რაც სურდათ, იმას მიირთმევდნენ, იოგათი დაკავების შემდეგ კი – დილით აუცილებლად უნდა ივარჯიშონ, მერე იკვებონ… მაქსიმუმ, საღამოს 7 საათის შემდეგ არ უნდა ივახშმონ, რათა კარგად დაიძინონ. თუკი ადამიანი გვიან საღამოს ივახშმებს, დილით ისე ვეღარ ივარჯიშებს, როგორც საჭიროა. მოკლედ, რეჟიმში ჩაჯდომაა რთული, მაგრამ თუ რეჟიმს მიეჩვია, მერე ასე ცხოვრება სასიამოვნოც კია. მაგალითად, ჩემმა მასწავლებელმა მითხრა: სადილის წინ აუცილებლად, ბოსტნეულის სალათი უნდა მიირთვა. ბოსტნეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა კომპონენტს შეიცავს. ბევრს ამის ჭამა უჭირს, მაგრამ როცა მიეჩვევა, თავს ვეღარ ანებებსო.
– კიდევ, როგორი საკვების მი­ღებაა აუცილებელი, როცა ადამიანი იოგათია დაკავებული?
– ფაქტობრივად, ვინც იოგას მისდევს, ბოლოს ვეგეტარიანელი ხდება, მაგრამ მე ასე არ ვარ. როცა იოგას ვსწავლობდი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერი, გამძლე გახლდით, წელიწადში ორჯერ ავად მაინც ვხდებოდი – ანგინა მემართებოდა. გეტყვით, ეს რისი ბრალი იყო: ბევრ ხორცს ვჭამდი, რადგან მეუბნებოდნენ, – როცა ჭიდაობ და გინდა, ჯანზე იყო, ხორცი უნდა ჭამოო. “არცოდნა არცოდვაა”: ჩემს მასწავლებელს როგორც ასწავლეს და როგორც იცოდა, მეც ისე მასწავლიდა. საერთოდ, მისი ძალიან მადლიერი ვარ. ჭიდაობის გარდა, ბევრი ღირებული რამ მასწავლა… მოკლედ, ხორცი რომ არ მეჭამა, ავად არ გავხდებოდი. იოგას შესახებ არსებულ წიგნებშიც წერია: ვინმე ნაცნობი გეყოლებათ, ვინც ხორცს არ ჭამს. ისინი ავად იშვიათად ხდებიანო. სხვისი მაგალითი რად მინდოდა? ჩემი ვეგეტარიანელი ძმა გვერდით მყავდა, რომელიც აქტიურად არ ვარჯიშობდა, მაგრამ მისი ავადმყოფობა არ მინახავს, მე კი ავად ვხდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ კუნთები “მეყარა”. ახლა ვცდილობ, ნაკლები ხორცი ვჭამო. საქონლის, ფრინველის, თევზის ჭამა შეიძლება – ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე ცხვრის ან ღორის ხორცი.
– ექიმები კი ამტკიცებენ, რომ ორგანიზმის “შენებისთვის” ხორცი აუცილებელია.

– დედამიწაზე ყველაზე დიდი ცხოველი – სპილო მხოლოდ მცენარეებით იკვებება. მაგალითად, ჩემი ოჯახის ახლობელი ქალი ანემიით ავად გახდა – ხანგრძლივი სისხლდენები აწუხებდა. “რკინის ნემსი” იმდენი ჰქონდა გაკეთებული, მეტი აღარ შეიძლებოდა, მაგრამ არ უშველა. შემდეგ, თვე-ნახევარი ჩვენთან ცხოვრობდა – ერთად ვჭამდით, ვსვამდით, ვვარჯიშობდით. მერე, ანალიზი რომ გაიკეთა, ჰემოგლობინი უმაღლეს დონეზე ჰქონდა. არ დაიჯერა და ანალიზი ხელმეორედაც გაიკეთა (იღიმის). მძიმე დიაგნოზის შემდეგ, მისი ასეთი სწრაფი გამოკეთება ყველას უკვირდა. როცა შეიტყვეს, რთული სიტუაციიდან იოგას ვარჯიშებითა და კვების რეჟიმით გამოვიყვანეთ, მკითხეს: თევზის და საქონლის მჭლე ხორცს აჭმევდითო? სინამდვილეში, ხორცის მიღება საერთოდ ავუკრძალე. ხორცეულს მხოლოდ მძიმე დაავადებების დროს ვკრძალავთ, რათა ავადმყოფი უფრო მალე გამოჯანმრთელდეს. მაგალითად, სახსრების დაავადების დროს, ექიმები პაციენტს ხრტილოვანი ხორცეულის მიღებას უნიშნავენ, მაგრამ თუკი პაციენტი ასეთ საკვებს არ მიიღებს და ბოსტნეულს შეჭამს, უფრო მალე გამოჯანმრთელდება.
– თქვენი ცხოვრების რეჟიმი როგორია?
– დილით ადრე ვდგები, ხილის ან ბოსტნეულის წვენს ვსვამ ან ხილს ვჭამ, ან კიდევ, რძის ნაწარმს გეახლებით და დარბაზში მოვდივარ. სადილს 12-ზე ან პირველის ნახევარზე მივირთმევ. სადილი შემწვარ-მოხრაკული საკვებისგან ნაკლებად უნდა შედგებოდეს. ფაქტობრივად, ასეთ საჭმელს და ასევე, მარილიანს თუ შაქრიანს ვკრძალავთ. მარილი და შაქარი სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს. მარილს იმ ბოსტნეულიდან ვიღებთ, რომელსაც სადილის წინ გეახლებით. ნატრიუმის ქლორიდი ძალიან ძლიერი საწამლავია – დიდი ხანია, მას ევროპაში “თეთრ სიკვდილს” უწოდებენ… საღამოს 7 საათზე მსუბუქ საკვებს თუ მიირთევთ (თაფლიანი ჩაი, ხილი, ბოსტნეული…), შეგიძლიათ, საათ-ნახევრის შემდეგ ივარჯიშოთ.
– ნოყიერი ვახშმიდან საათ-ნახევრის მერე, იმავე ტიპის ვარჯიშის შესრულება სხეულს აზიანებს?
– ადამიანმა მხოლოდ სწორი კვების რეჟიმი რომ დაიცვას, ნებისმიერი დაავადებისგან განკურნებას შეძლებს, მაგრამ თუ ის იოგას ვარჯიშებს ასრულებს და იმავდროულად, კვების რეჟიმს არ იცავს, ეს მის ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს – შესაძლოა, რაც არ სჭირს, ისიც დაემართოს.
– როგორ აკონტროლებთ, რომ მოსწავლეებმა კვების რეჟიმი დაიცვან?
– სასწორით. თუ ადამიანი კვების რეჟიმს ზუსტად იცავს, მას დღეგამოშვებით 2-3 კილო აკლდება. ხშირად ადამიანს საჭიროზე ნაკლები წონა ჰქონია. კვების რეჟიმის დაცვითა და ვარჯიშით, ადამიანი ჯანსაღდება და წონაც ემატება. მაგალითად, ჩვენთან სავარჯიშოდ ექიმი ქალბატონი დადიოდა. მან თავისი ქალიშვილი მომიყვანა, რომელიც ძალიან გამხდარი იყო. მალე 7 კილო მოიმატა და იმ წელსვე გათხოვდა… საერთოდ, წონაში დაკლება უფრო იოლია, ვიდრე მომატება.
– აღნიშნეთ, იოგათი დაინტერესებისას ადამიანები უფრო ღვთისნიერები ხდებიანო. არადა, ზოგი ამბობს, იოგა ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგებაო…
– არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება. ხატებს ხომ ხედავთ? ყველა მათგანი მოძღვრებმა მაჩუქეს. ზოგი მოძღვარი (მათი მეუღლეებიც) ჩემთან ვარჯიშობდა და ზოგი ახლაც ვარჯიშობს. დღესდღეობით, ზოგ მოძღვარს მრევლის მონად ქცევა უნდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთსა და იმავე მოძღვარს დამთმობი ბუნების ადამიანისთვის იოგაში ვარჯიში აუკრძალავს, ხოლო ისეთი ადამიანისთვის, ვინც შეეკამათებოდა და საღად აზროვნებდა, არაფერი უთქვამს. ჰათჰა იოგას ვარჯიშები ილია მეორესაც ნაკურთხი აქვს. ეს ისეთი ვარჯიშებია, რომლებიც ძირითადად, ჯანმრთელობას უკავშირდება. მედიტაცია არის განჭვრეტა: ვწვებით, ვდუნდებით და ჩვენს სხეულს განვჭვრეტთ. ყურადღება გადაგვაქვს ხელზე, ფეხზე, მთელ სხეულზე… როცა ადამიანი დუნდება, სისხლძარღვები ფართოვდება და ადამიანი დიდი სასიცოცხლო ენერგით იმუხტება. მაგალითად, 10-წუთიანი მოდუნება 2-3-საათიან ძილს უდრის.
– დაოჯახებული ბრძანდებით?
– დიახ. სამწუხაროდ, ცოლი ძალიან გვიან შევირთე. ჩემი ბიჭი ცოტათი პუტკუნაა. იოგაში ყველანი ვვარჯიშობთ, მაგრამ კვების რეჟიმის დაცვას შვილს ვერ ვაძალებ. თუმცა, ბოსტნეულის სალათებს ყოველდღე ჭამს. მეუღლე დილაობით შინ ვარჯიშობს, მერე კი ბავშვს სკოლაში უშვებს. საღამოობით ყველანი ერთად ვვარჯიშობთ…

]]>